მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადადგომას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ პეტიცია შექმნეს, რომელიც Twitter-ზე სანქტ-პეტერბურგის სემენოვსკის რაიონის ადგილობრივმა დეპუტატმა, ქსენია ტორსტრომმა დღეს, 12 სექტემბერს გამოაქვეყნა.
"ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს გვჯერა, რომ ვლადიმერ პუტინის ქმედებები საზიანოა რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან", - წერს ტორსტრომი.
პეტიცია, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჩატარებულ პირველ რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებს მოჰყვა, რომელმაც კრემლის მომხრე კანდიდატებს დიდი გამარჯვება მოუტანა.
"პეტიციის ტექსტი ლაკონურია და არავის "დისკრედიტაციას" არ ახდენს", - აცხადებს ტორსტრომი.
ვლადიმერ პუტინის გადადგომა მოსკოვის კიდევ ერთმა, ლომონოვსკის საოლქო საბჭომ მოითხოვა. საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც მიმართავს პუტინს და აღნიშნავს, რომ მისი "შეხედულებები და მმართველობის მოდელი უიმედოდ არის მოძველებული, აფერხებს რუსეთის განვითარებას და ადამიანურ პოტენციალს".
გასულ კვირას, სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა რუსეთის სახელმწიფო დუმას ვლადიმერ პუტინისთვის ღალატის ბრალდების წაყენებისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთი ადგილობრივი ოფიციალური პირის ნიკიტა იუფერევის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს ახლა ბრალად ედება რუსული არმიის დისკრედიტაცია.